UNICEF – საქართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში დიდ სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, 900-ზე მეტი ბავშვი კი არასახელმწიფო დაწესებულებაში რჩება. არაერთი ღონისძიების მიუხედავად, ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
„2005 წლიდან, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმას. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვების რაოდენობა დიდ სახელმწიფო დაწესებულებებში 2005 წელს არსებული 4100-დან, 2020 წელს – 77-მდე.
900-ზე მეტი ბავშვი რჩება არასახელმწიფო დაწესებულებებში.
ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება; ბავშვების 69 პროცენტის მიმართ იყენებენ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს, ბევრი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება მისაღებია და რომ დასჯის ფიზიკური მეთოდები უფრო ეფექტიანია, ვიდრე აღზრდის/მშობლობის არაძალადობრივი მეთოდები“, – ნათქვამია UNICEF -საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირი საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით განახორციელებს.
პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ სამწლიანია და ის მთავრობას ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტურ განხორციელებაში დაეხმარება.
UNICEF საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტურობისთვის 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს.
წყარო: Aris.ge