„ქართულმა ოცნებამ” დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროსტლანტიკურ პერსპექტივას. იმდენად არაადეკვატურად იქცეოდნენ, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ამით აჩვენა, რომ აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება.
„ისეთი პირობები დააყენა ევროპელ კოლეგებთან, რომ საერთოდ არც კი დაძრულა ეს საკითხი, იმდენად არასამართლიანად, ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა ევროპულმა მხარემ ის პოზიციები, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა. “ქართულმა ოცნებამ” ამით აჩვენა, რომ აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. მან ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას. საკითხები, რომელიც მიშელმა ჩამოწერა, რაზეც თანხმობა მისცა “ოცნებამ” და გადასცა მანდატი მედიაციის, ყველა ეს საკითხი უნდა ყოფილიყო დოკუმენტში, მაგრამ შეიცვალა “ქართული ოცნების” პოზიციები და გონიათ, რომ მიშელთან ურთიერთობაც თამაშია. ჩათვალა, რომ შეუძლია საზოგადოებას თავზე ნაცარი დააყაროს და მოატყუოს.
არ ვაპირებ ამას შევეგუო და „ქართულ ოცნებას“ ჩავაბარო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველო დადგეს ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენთან ოპოზიციასთან, საერთო შეთანხმების დოკუმენტი, ტექსტი საბოლოო ვერსიასთან მიახლოებული არ მოსულა, იმდენად დესტრუქციული პოზიცია ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს იტყვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და იქნება შესაბამისი რეაგირება, რომელიც უკვე დაიწყო. “ქართული ოცნება” გადაიხდის დიდ ფასს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი არცერთი პარტნიორი ხელს არ აიღებს საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან.
0.001 % არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენმა პარტნიორებმა ხელი ოპოზიცისკენ გაიშვირონ“, – განაცხადა ვაშაძემ.