14 წლის არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ თელავის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო წინასწარი პატიმრობით შეცვალა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ 17 მარტს გაასაჩივრა.
საქმე ეხება 14 წლის თელაველ გოგოს, რომელსაც სექსუალური კავშირის შესახებ ამბის შეტყობის შემდეგ ძმამ, სავარაუდოდ, რამდენჯერმე სცემა, მეორე ძმამ კი საჯაროდ განაცხადა, რომ მასზე ფიზიკური ძალადობის განუხორციელებლობას ნანობდა.
ამ ეტაპზე სექსუალურ კავშირში მონაწილე პირი და დაზარალებულის მოძალადე ძმა პატიმრობაში იმყოფებიან. ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე, ხოლო არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს – 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.