დღეს ნანა მჭედლიძის დაბადების დღეა – რეჟისორი 95 წლის გახდებოდა

დღეს, 20 მარტს ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის. საქართველოს სახალხო არტისტის (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელის, ნანა მჭედლიძის დაბადების დღეა. ის 95 წლის გახდებოდა.

 

1979 წელს, კინორეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ფილმი „იმერული ესკიზები“ გადაიღო. რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა. ფილმში მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს.

 

„ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია.

 

ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა – „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი _ „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა. გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“, – იხსენებდა ნანა მჭედლიძე, ერთ-ერთ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share