ოზურგეთში, დაბა ნატანებში , ორი თვის წინ მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია.დაკავებულია მოკლულის შვილი. ინფორმაციას შს-ს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ხოლო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია “ნაგანის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთში, დაბა ნატანებში, 60 წლის ა. ფალავანდიშვლი, მეზობელმა სახლში მოკლული ნახა.მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ქონდა მიყენებული.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი ნატანებში, ძმასთან იმყოფებოდა სტუმრად, მას თან შვილიც ახლდა, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, შვილი აღარავის უნახავს.