აქტივისტი და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ და მისი საკითხი ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე დააყენონ. წულაიას თქმით, ის ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია. როგორც აქტივისტი აღნიშნავს, ის გულუბრყვილობის მსხვერპლი გახდა და მარტივად წამოეგო პროვოკაციას.
“აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი. ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას.
ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს – იმის შიშით, რომ თურმე, ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდასაჭერად. თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ “უპატიოსნესები” და ამ “პატიოსანმა” პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო ეგრე იფიქრეთ”, – წერს წულაია.
წულაიას თქმით, ის ნიკა მელიას მსგავსად, სამართლიან სასამართლოს არ გაუსამართლებია.
“ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი, როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა? არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ, იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენს მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი, რა ვიცი”, – წერს წულაია.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ წულაიამ მასზე იძალადა, ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ წულაია “ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა”. მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აქვს.
წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.