ოზურგეთში „ლელო საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა გაიმართა

ოზურგეთში, დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, გურიის მოსახლეობას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი სიორიძეს წარუდგინა.

წარდგენას ესწრებოდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს საკუთარ კანდიდატს „ლელო საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ, ირაკლი კუპრაძე „ლელო საქართველოს წარმომადგენელმა ბათუმიდან, ასევე პაატა ცივაძემ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქობულეთიდან.

ბადრი ჯაფარიძემ გურულებს კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ის დრო, როდესაც პოლიტიკაში მოდიოდნენ ხელმოცარული ადამიანები, მოდიოდნენ თავიანთი კეთილდღეობისათვის, ჩვენ მოვდივართ თქვენი კეთილდღეობისათვის, ჩვენ დავამარჩხებთ სიღარიბეს.“- განაცხადა ჯაფარიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყოველთვის იქნება გულწრფელი და ეს გულწრფელობა დაიწყო იმით, რომ მოსამზადებელი სიტყვის გარეშე წარდგა ამომრჩევლების წინაშე.

„მე არ მომიმზადებია სიტყვა დღეს, მე გეტყვით იმას რაც მომადგება ენაზე და ვიცი ეს იქნება ყველაზე გულწრფელი საუბარი. ერთი წლის წინ, მე წავედი პოლიტიკაში იმიტომ რომ შემეშინდა, შემეშინდა არა იმის რომ ცუდად იმართება ჩვენი ქვეყანა, არამედ იმის, რომ შეიძლება გადაიჩეხოს უფსკრულში.მე გერმანიაში ჩემი ცხოვრების მეოთხედი გავატარე, მაგრამ დავბრუნდი საქართველოში, რადგან ქართველად დაბადება ჩემთვის არის დიდი პასუხისმგებლობა.გურულად დაბადება არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა.მე შევედი ამ ბრძოლაში და ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო სრულიად გურიის უკანასკნელი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

შეხვედრა ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ პანდემიისთვის შესაბამისი ყველა წესის დაცვით ჩატარდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share