“9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს”, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება კრიზისის განმუხტვას ვერ ახერხებს, ოპოზიცია კი დესტრუქციითაა დაკავებული. ამიტომ საჭიროა ქართველმა ხალხმა მათ თავისი ხმა გააგონოს.
„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება” ვერ ახერხებს ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განმუხტვას. ვხედავთ ერთი მხრივ, ძალაუფლებას მოწყურებულ დესტრუქციულ პარტიებს, საკუთარი დამხმარე მედია საშუალებებით და მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას”, რომელიც უსუსურობას იჩენს, ვეღარ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, სათანადოდ ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაისმას ქართული საზოგადოების ხმა. საჭიროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველ ხალხშია და არა უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.