პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” გახარიას რეიტინგსა და შეცდომაზე საუბრობს:
“მე ის მიკვირს, მათ რა უკვირთ? ძალიან მარტივად შეიძლება გახარიას რეიტინგის ახსნა. ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს “ქართული ოცნების” ძალიან ბევრ ამომრჩეველს აღარ მოსწონდა და ეძებდა ავტორიტეტს, რომლის გამოც ამ გუნდის მხარდამჭერად დარჩებოდა. ეს ავტორიტეტი იყო გახარია. მის გარეშე “ქართული ოცნება”, რაც უნდა ემამაძაღლათ, არჩევნებს ვერ მოიგებდა. ხალხი, რომელიც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს, მაგრამ ხმას მაინც ამ პოლიტიკურ გუნდს აძლევს, სულ გახარიას ელექტორატია.
მე მის შეცდომას ვხედავ. პოლიტიკაში დარჩენას თუ აპირებდა, მაქსიმალური კაპიტალით უნდა აეღო სტარტი.
18 თებერვალს კი არ უნდა გადამდგარიყო, გომელაურისთვის სპეცოპერაციის ჩატარება უნდა აეკრძალა. თუ არ დაემორჩილებოდა, უნდა გაეთავისუფლებინა. ასევე, უნდა გაეთავისუფლებინა თავდაცვის მინისტრი და დაეყენებინა პროკურორის საკითხი. ძალიან მაინტერესებს, როგორ გადააყენებდნენ. ინსტიტუციურად მისი გადაყენების უფლება, პარლამენტის გარეშე არავის აქვს, მაგრამ პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას დაემორჩილა, რაც პოლიტიკოსისთვის ნამდვილად დიდი შეცდომა იყო. ახლა გაცილებით რთული სასტარტო პირობები აქვს, ის შეცდომა კომპლექსით იყო განპირობებული, თუ სხვა რამით, ამას დრო აჩვენებს.”