“სააკაშვილი ოპოზიციაში ზოგს პატიმრად ამუშავებს, ზოგსაც მაგიდის ამყირავებლად”

“თურმე ევროპა ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, რადგან შიდა საქმეებში ერევა, და ეს პოლიტიკურ ჯგუფებს აღიზიანებს. არადა, საფრთხე ძალზე რეალურია. დასავლეთი რომ არა, ერთ დღეში შეიძლება ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამ უმძიმეს რეალობაში ოპოზიციისგან დასავლეთის ლანძღვა და მისთვის ზურგის შექცევა სწორედ ამ საფრთხის პირისპირ დარჩენას ნიშნავს…”

“დაუსრულებელ კინკლაობაში სახედაკარგული ქართული პოლიტიკა”, – ასე აფასებს პოეტი დათო მაღრაძე დღევანდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს.

 

– ორ რეალობას შორის ვცხოვრობთ – ტელევიზია და ნამდვილი.

ტელერეალობაში არის აპოკალიფსი, “იოანეს გამოცხადების” მსგავსად არის ტელეწამყვანების ყოველდღიური გამოცხადებები, კვამლით, ცეცხლითა და გოგირდით თენდება­ და ღამდება, მხეცი ხან მიწიდან ამოდის, ხან წყლიდან… ანუ ის, რაც მიხეილ სააკაშვილს სურს საქართველოში იყოს. მეორე რეალობაში კი, ანუ ჩვენს სინამდვილეში, მოსახლეობას წინსვლა, მშვიდობიანი, ევოლუციური განვითარება სურს. სამწუხაროა, რომ

ქართული სულიერების, ქართული კულტურის თარგმნა სამოქალაქო შეგნების ენაზე ვერა და ვერ მოხერხდა. ეს არ ჰგავს­ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრე ოცხელის, ნიკო ფიროსმანაშვილის სამშობლოს, ვერ ვტოვებთ კულტურული გენერაციის შთაბეჭდილებას. ქართული სულიერება ქართული პოლიტიკური კულტურის ენაზე ვერ გადაითარგმნა. არადა, დეკლარირებული გვაქვს დასავლური ფასეულობები და ოპოზიციის თუ ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჰკითხოთ, ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ როგორც კი ევროპული ღირებულებები სააკაშვილის სცენარს დაუპირისპირდა, როდესაც სასწორის ცალ პინაზე დადგა ევროპა,­ მეორეზე კი მისი სცენარი, ოპოზიციამ პრიორიტეტი სააკაშვილს მიანიჭა, მისი რევოლუციური სცენარი აირჩია და არა ევროპული ღირებულებები. ეს მაშინ, როდესაც სრულიად აშკარაა, რომ ყველა ევროპული რეკომენდაცია პოლიტიკის პარლამენტში გადატანას ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ არათუ არ გაითვალისწინა, დაგმო კიდეც, ევროპა მტრის ხატად აქცია და შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებენ.

– შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის­ წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ აქცია ევროპას ზურგი.
– არ მაინტერესებს, ისინი რას ამბობენ, ევროპა ეუბნება, პარლამენტში შედით და იქ იბრძოლეთო, მაგრამ წყალწაღებული ოროსნებივით მოიქცნენ, უმაღლესი მათემატიკის ცოდნაზე დებენ თავს, არადა, გამრავლების ტაბულაც არ სცოდნიათ. დაუსრულებელ კინკლაობაში ქართუ­ლმა პოლიტიკამ სახე დაკარგა. ხელისუფლების წევრები იმას ცდილობენ, როგორ მოუგონ ნიშნი ოპოზიციის წევრების ამა თუ იმ გამონათქვამს, ოპოზიცია კი მხოლოდ სააკაშვილის სცენარზეა ორიენტირებული. მას ახსოვს, რომ 2003 წელს, შევარდნაძის­ 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, ხელისუფლების ლამის 100% ჩაიგდო ხელში, კალენდარში­ ჩარჩა და სურს მთელი­ ოპოზიციური სპექტრიც ჩატოვოს. სააკაშვილს 2021 წელს ისევ შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა ჰგონია და ახლა სურს აღებული ხმების 25% როგორმე მაშინდელივით 85 ან 100%-ად გადააქციოს, თან ამის გაკეთებას დანარჩენი ოპოზიციის აყოლიებით ცდილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share