“ივანიშვილი ახლა გაფუჭებული სათამაშოსავით ცდილობს ამ გუნდის მოშორებას და ახლით მის ჩანაცვლებას”-აცხადებს მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი, რომელიც გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს:
ეს ყველაფერი “ჭორვილის კარის თამაშებია”. არც გიორგი გახარია წასულა სადმე და არც მისი ბატონი – ბიძინა ივანიშვილი. წყალწაღებულები ხავს ეჭიდებიან, ნახეს, რომ “ქართულ ოცნებას” აღარავინ ენდობა, ყველანაირად გაკოტრდა ეს პოლიტიკური ძალა, როგორც მკვდარს ვერ გააცოცხლებ, ისე მაგას აღარაფერი ეშველება. ივანიშვილი ახლა გაფუჭებული სათამაშოსავით ცდილობს ამ გუნდის მოშორებას და ახლით მის ჩანაცვლებას. ყველაფერს გააკეთებს, თავისი პოზიციებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ათასნაირი “ტრიუკით” გაგვანებივრებს. საღად მოაზროვნე ადამიანებს მისი ზღაპრების აღარ სჯერა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისედაც ჩამოშლილ, ინსტიტუციებდაზიანებულ ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებენ. ჩამოშლილი, დაზიანებული, სახელმწიფოებრიობა დაკარგული საქართველო კი მხოლოდ კრემლის “ქართული ოცნებაა”. ლაპარაკობენ, რომ თითქოს გახარია რეიტინგულია. როგორ შეიძლება ის რეიტინგული იყოს, 20 ივნისის ღამის ან თუნდაც, იმ ფრაზის გამო – “ქართულ ჯიგრულ პონტში მოსულაო”?! კაცი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ჯიგრულ პონტში ანიავებს, როგორ შეიძლება ხალხს მოსწონდეს?! როგორც ჩანს, თავად “ქართული ოცნება” მუშაობს მის რეიტინგზე, ისევ მათ მხარდამჭერებს შორის იქნებიან გახარიას მხარდამჭერებიც. მე არ მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანები ამ იაფფასიანი “ტრიუკით” მოტყუვდნენ-ამბობს მსახიობის “კვირის პალიტრასთან”.