“მოინახება ოპოზიციაში პარლამენტში შემომსვლელი 17 პირი”-იოსელიანი

მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში 17 ოპოზიციონერი დეპუტატი შევა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ბარიერის დაწევისა და ფრაქციების წევრების შემცირებაზე მიღებულ იქნას.

იოსელიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციური პარტიების ჩართულობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია და დავასრულოთ პოლარიზაცია. ყველა შემდგომი არჩევნები იყოს არჩევნები არა ძირითად ორ მოთამაშეს შორის, არამედ მრავალ პარტიას შორის. მიგვაჩნია, რომ მოინახება ოპოზიციაში 17 ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, ვინც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამაზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი”, – ამბობს ლევან იოსელიანი.

საკონსტიტუციო ცვლილებები ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. მემორანდუმი 2 მარტს გაფორმდა. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში, როგორც თავად თქვეს, იმ პირობით შევიდნენ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა მოხდებოდა.

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ბარიერი 5-დან 3%-მდე იწევს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის შექმნა 4 ადამიანს შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტში 96 დეპუტატია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share