განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს – საშუალო საფეხურზე პროფილური სწავლება იგეგმება. როგორც etaloni.ge-სთვის გახდა ცნობილი, სიახლეზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ და შესაძლოა, უკვე ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დიფერენცირებული სწავლება დაიწყოს. აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საშუალო საფეხურზე, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, მიმართულება, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან. უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება ჰუმანიტარული, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაყოფა, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეძლონ შესაბამისი მიმართულების არჩევა. თუმცა ეს რომელიმე საგნის ამოღებას არ ნიშნავს. საბაზისო უნარებს, რაც მაგალითად, მათემატიკაშია საჭირო, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მყოფი მოსწავლეც ისწავლის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დიფერენცირებული მიდგომა და პროფილური სწავლება შესაძლოა 5 მიმართულებად დაიყოს. ეს მიმართულებებია: ჰუმანიტარული, მათემატიკა და ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო, ხელოვნება და სპორტი. დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლებას. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფება-დაყოფას. ამგვარი სწავლების მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.