კუბილიუსი ნატალია საბანაძეზე: ვფიქრობ აიძულეს, რომ გადამდგარიყო

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ფიქრობს, რომ ევროკავშირში საქართველოს უკვე ყოფილ ელჩს, ნატალია საბანაძეს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს.

როგორც კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, შესაძლოა, ეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს უკავშირდებოდეს, სადაც მან სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან კრიტიკული გზავნილები მიიღო.

“მე არ ვიცნობ ყველა დეტალს, ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო. ეს ცოტა უცნაურია და ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია პრემიერმინისტრის ვიზიტთან ბრიუსელში. პრემიერმინისტრის ძალისხმევის მიუხედავად, როდესაც იგი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ევროკავშირის ლიდერობამ და ხელმძღვანელობამ არ მიიღო მისი ახსნა, თუ რას აკეთებდა მთავრობა კრიზისის დროს. მან მიიღო გზავნილები სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან და ამიტომაც იყო ალბათ მიზეზი, პრემიერმა ან სხვამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ელჩის ბრალი. ეს არის არასწორი”, – განაცხადა კუბილიუსმა.

მანვე აღნიშნა, რომ პრობლემა არა ელჩთან, არამედ ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, “რომლებსაც არ შეუძლიათ, კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ”.

ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას პოსტის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ ჰქონდა გადაწყვეტილი.

მოგვიანებით საბანაძემ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა. “ყველა მმართველი აცხადებს რომ პრო-ევროპელია, მაგრამ არ კმარა მხოლოდ ამის თქმა, ეს საქმით უნდა დაამტკიცო”, – სინანულით განაცხადა მან.

საბანაძის გადადგომას წინ უსწრებდა ევროკომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა, შარლ მიშელმა კი განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი საქართველოს კვლავ ეწვევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share