ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, დანეილსონი საქართველოში, სავარაუდოდ 28 მარტს ჩამოვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, “რათა გააგრძელოს მედიაცია”. ამის შესახებ შარლ მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.
ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი.
18 მარტს, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა. თუმცა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.