პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში არაფორმალური ელემენტების მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამის შესახებ საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ მოლაპარაკებების პროცესისთვის ეფექტური იქნება თუ კრისტიან დანიელსონი რეალურ ლიდერებს დაელაპარაკება.
„ვინც არ არის ამ პროცესში ფორმალურად ჩართული, იმასთან რატომ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია, ჩემთვის გაუგებარია. მე მესმის, რომ ვიღაცას, იგივე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს თავისი ელექტორალური ნიშა და ჰყავდეს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ ეს მისი საქმეა. ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარვმართავთ ოფიციალურად, ფორმალურად ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით და ვისაც უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ესაუბროს, შეუძლია ესტუმროს იმ ულამაზეს დენდროპარკში, რომელიც მან შექმნა და მიხეილ სააკაშვილთან ვისაც უნდა საუბარი, შეუძლია კიევში გაემგზავროს”, – განაცხადა საბა ბუაძემ.