“ამბობენ, ზომბირებული თაობა მოდის, კომპიუტერზე დამოკიდებული, გრძნობებისგან დაცლილი და ა.შ.
დღეს საპირისპირო დავინახე: ლანჩხუთში , ძველი პოლიციის შენობასთან მე და ჩემი თანამშრომელი ვსაუბრობდით. ვაის შეძახილმა მიმახედა და ვხედავ, ბებო როგორ დაეცა მიწაზე, თხლად ჩაცმული, ფეხზე მხოლოდ მოკლე წინდები და ჩუსტები… მივარდით, წამოვაყენეთ… ვინაობა და საცხოვრებელი ვკითხეთ… ამ დროს ქუჩაში მიმავალი ბავშვების ჯგუფი შემოგვიერთდა, დაახლოებით 14-16 წლისანი იქნებოდნენ..ერთერთმა ბებოს სახეზე ღვარად ჩამომდინარე სისხლი შენიშნა, მეორემ- ფეხზე… დაცემის დაზიანებები… იმწუთას დარეკეს 112-ში, პოლიციაც დაგვჭირდებოო ,უთხრეს…მიხვდნენ ბებოს ასაკობრივი მეხსიერების პრობლემებიც რომ ქონდა… გარს შემოეხვივნენ, ჩვენ დაგვამშვიდეს _ სასწრაფოს მოსვლამდე არ მივატოვებთ, მივხედავთო…ხელდახელ გამოგვტაცეს ბებო! ჩვენც დავუთმეთ, იმედიანად.
ამბობენ ზომბირებული თაობა მოდისო, გრძნობებისგან დაცლილიო…
არ დაიჯეროთ! ისეთი თაობა მოდის , ჩვენს სამშობლოს რომ ჭირდება:განათლებული, ჭკვიანი, ადამიანური ღირსებების დამფასებელი, უაზრო სტერეოტიპების გადამფასებელი და რაც მთავარია თავისუფალი!!
საკუთარი თავისუფლების მოყვარული და სხვისი თავისუფლების დამცველი!!
პ.ს. მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ვერც ერთი მათგანი ვერ დავიმახსოვრე, ხვალ რომ შემხვდნენ ვერც ვიცნობ….თუმცა, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!!”- წერს სოციალურ ქსელში, ა(ა)იპი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და ინოვაციების ცენტრი, ტურიზმის განყოფილების მთ. სპეციალისტი, მაცაცო ბურჭულაძე.