დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დიპლომატებს კრიზისთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს გააცნობენ.

დანიელსონის გარდა, შეხვედრას ესწრებიან აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. იგეგმება მედიისთვის განცხადების გაკეთებაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდადანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მიღწეული პროგრესის” მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი – მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share