ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ სახელმწიფო სტრუქტურებს “სხვა გზა არ დაუტოვა” და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “პრაქტიკულად დააჭერინა”.
“რთული სიტუაციაა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ზოგადად. იმდენად, რამდენადაც გეგმა გამოიკვეთა აშკარად, რასაც ბოლო პერიოდში ნაცმოძრაობა მიჰყვება. ჯერ ერთი, მთლიანობაში ეს ოპოზიციური კლასტერი მთლიანად დაიქვემდებარეს, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში განსხვავებაც არ არის არც შეხედულებებსა და არც კომენტარებში.
მეორე საკითხია ის, რომ საერთოდ ეს პროცესი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მძევლად აქციეს, ვინაიდან, პრაქტიკულად, უხეშად ვიტყვი, მაგრამ მელია დააჭერინეს, პრაქტიკულად, ისეთი სიტუაცია შექმნეს, როდესაც სხვა გზა არ დაუტოვეს სახელმწიფო სტრუქტურებს და არა პოლიტიკურ მმართველობას, რომ არ გაეკეთებინათ, შესაბამისი ნაბიჯები არ გადაედგათ. აქედან გამომდინარე, მე მაინც სკეპტიკურ პოზიციაზე ვრჩები, ვინაიდან, ეს არის მთავარი ულტიმატუმი, რომელსაც აყენებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია”, — თქვა ვოლსკიმ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მიშელის წარმომადგენელი პოლიტიკურ პარტიებს ორშაბათიდან, 29 მარტიდან შეხვდება.
დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.