არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის, ცნობით, შპს “გზამშენი-18”-ის ორმა მეწილემ – თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ “ქართულ ოცნებას” 25 000 ლარი შეწირეს, რის შემდეგაც მათ კომპანიას 27 420 596 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს.
დეტექტორის მიხედვით, შპს “გზამშენი-18” ოზურგეთში, 2000 წელს დარეგისტრირებული მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც 18 მეწილე ჰყავს. კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თეიმურაზ ჯახვაა.
“გზამშენი-18” 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და სულ 130 ტენდერი უფიქსირდება, მათგან 68 შემთხვევში მას გამარჯვებულის პოზიცია ერგო. ორგანიზაციის ცნობით, თეიმურაზ ჯახვამ, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი იყო, 2012 წლის 20 ივლისს ნაციონალურ მოძრაობას 15 000 ლარი შეწირა.
ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, 2017 წლის 5 სექტემბერს, თეიმურაზ ჯახვამ და კომპანიის 20%-იანი წილის მმართველმა ვახტანგ ჭანტურიამ ქართული ოცნების ანგარიშზე 25 000 ლარი ჩარიცხეს, რის შემდეგაც, შპს “გზამშენი-18” კიდევ უფრო აქტიურად იგებდა სახელმწიფო შესყიდვებს. სანამ მეწარმეები მმართველი გუნდის შემომწირველები გახდებოდნენ, მათი კომპანიის სახელზე 6 349 736 ლარის ხელშეკრულებები იყო გაფორმებული.
შეწირვის შემდეგ მოგებული ტენდერების ღირებულებამ კი 27 420 596 ლარი შეადგინა. თავად თეიმურაზ ჯახვა უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი კომპანიის “წარმატება” მთავრობისთვის შეწირულ თანხასთანაა კავშირში. ფლანგვის დეტექტორის მიხედვით, კორუფციულ სურათს ისიც ამყარებს, რომ კომპანია ძირითადად, ერთ შემსყიდველზეა დამოკიდებული. 68 მოგებული ტენდერიდან 45 შემთხვევაში შემსყიდველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტია. ჯამში, კომპანიასა და ოზურგეთის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფასური 16 679 382 ლარია
შპს “გზამშენი-18”-მა 68 მოგებული შესყიდვიდან სულ 33 770 333 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, აქედან 10 შემთხვევაში, სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, ხოლო 41 შესყიდვის ხელშეკრულება უკონკურენტო გარემოში გაიფორმა, რომელთა საერთო ღირებულებამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა.