წამება, შეურაცხყოფა და გაუპატიურების მუქარა ციხეში

პატიმრის ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის ინფორმაციით, რუსთავის ნომერ მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მათ 24 წლის პატიმარ შვილზე, რეჟიმის უფროსი მიხეილ კალანდაძე და ამავე ციხის კორპუსის უფროსი მიხეილ ბენაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

როგორც პატიმრის დედა, ნინო ბეჟაშვილი ამბობს, მის შვილს სცემდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“სასამართლოდან დაბრუნებულს, როდესაც ბადრაგს ჩამაბარეს ციხეში ეგრევე ამომიგრიხეს ხელები, დამადეს ხელბორკილებიო. ასეთი კამერაა, ვანდალური კამერა ჰქვია და იქ შემაგდეს, გამაშიშვლეს, ეს ხელბორკილები ძალიან მაგრად მომიჭირეს, ძირს დამაწვინეს, ერთმა სახეზე დამაჭირა ფეხი, ერთმა ზურგზე, ერთიც ფეხებს მიჭერდა, შეშინების მიზნით, მემუქრებოდნენ ახლა გაგაუპატიურებთო, მაფურთხებდენენო უთქვამს ადვოკატისთვის…იქ, რა თქმა უნდა, იყო ცემა, სხვადასხვა სახის შეურაცხყოფა, გინება, აქ ჩვენ მოგივლით და რომ გახვალ “სიპე” მოგივლისო”, – ამბობს პატიმრის დედა ნინო ბეჟაშვილი.

ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის მტკიცებით, წამების შესახებ იცის ციხის უსაფრთხოების უფროსმა ირაკლი გიორგაძემაც, რომელიც ფაქტზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ ტატუნაშვილი მძიმე მდგომარებაშია.

ოჯახმა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატსა და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ სოზარ სუბარს უკვე მიაწოდა. პატიმარი ნოდარ ტატუნაშვილი ახლა სამარტოო საკანში იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share