ჩვენი ამოცანაა, ყველა შევიდეს თავის ბინაში, ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები

ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა უნდა დასრულდეს და ყველა დაზარალებული საკუთარ ბინაში უნდა შევიდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საპროცესო გარიგების პირობების თანახმად, კომპანიის მთელი ქონება ინვესტორებს გადაეცათ, ხოლო მერიის დახმარებით რვა კომპანიამ მშენებლობები უნდა დაასრულო.

“რა თქმა უნდა განცდა ძალიან დიდი მაქვს. ერთი სინანული მაქვს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია, მაია აქ არის და მე 4 წელია, რომ ჯერ კიდევ არ მოხერხდა, პრობლემა დასრულდეს. მაგრამ ახლა, როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში, მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა, სანამ ვართ მე და მაია ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინაში. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები”, — განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

რუსუდან კერვალიშვილმა ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს 2017 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მაშინ მის დას, მაია რჩეულიშვილს.

გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

გამოძიების ვერსიით, ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოიზიდეს 27 701 299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები შეადგენდა 23 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

ბრალდების თანახმად, ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 მილიონ 65 ათას 159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა – 1 833 806 აშშ დოლარი, ასევე, 185 069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი. ჯამში, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ სხვადასხვა გზით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share