“საქართველო არ არის არავის სავაჭრო ხურდა”

“მოკლედ რომ შევაჯამოთ …
რუსეთს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს; ყოველდღიურად აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და ამავე დროს სრულად ინფილტრირებული აქვს დანარჩენი საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით: ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი.
ევროკავშირი და ამერიკა იფარგლება მხოლოდ ლიმიტირებული ეკონომიკური ინექციებით, რომელთა არსებითი პროცენტული ნაწილი ილექება კორუმპირებულ ქართველ ჩინოვნიკთა ჯიბეებში პარალეგალური “ატკატების” სახით.
ქართული სახელმწიფო არსებობს მხოლოდ ქაღალდზე, რეალურად კი პარაკრიმინალური სინდიკატია, ერთადერთი ბოსით.
ქვეყანა შესულია კატასტროფულ ეკონომიკურ და პოტენციურად დამანგრეველ სოციალურ-სამედიცინო კრიზისში. ეროვნული ვალუტის დევალვაცია პროგრესულად გრძელდება; პანდემია მძვინვარებს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სრულ ნიჰილიზმშია.
არავის სურს იმის აღიარება, რომ სამთავრობო სექტორის წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმის და უინტელექტობის გამო უბრალოდ შანსიც კი არ არსებობს რომელიმე სერიოზული პრობლემის გადაწყვეტის.
ასეთ პირობებში ევროკავშირი მოუწოდებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ ითანამშრომლოს ზემოაღნიშნულ სინდიკატთან და განუსაზღვრელი დროით გააგრძელოს არსებული მარაზმი, რომლისგანაც გამოსავალი ლოგიკურად არ არსებობს.
ყველაზე კომიკური არის ის, რომ თურმე ოპოზიციის ბოიკოტი რაიმე პირდაპირი ან ირიბი სახით იწვევს ქვეყანაში კრიზისულ მდგომარეობას და თურმე რამდენიმე ათეული, წინასწარ პოლიტიკურად დაიმპოტენტებული ოპოზიციონერის შესვლა სინდიკატის ე.წ. პარლამენტში განმუხტავს სიტუაციას. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, ინტელექტუალური შეურაცხყოფის აპოთეოზი.
სინდიკატის მოსპობის გარეშე ქვეყანას უბრალოდ შანსიც არ გააჩნია საარსებოდ.
რას დაკარგავს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ვერ აიძულებს ოპოზიციას, რომ დათმოს ბოიკოტი?
არაფერს!!! აბსოლუტურად არაფერს.
ევროკავშირის და ამერიკის გამოგზავნილი თანხები მხოლოდ აგონიას უგრძელებს ქვეყანას; სამედიცინო ანალოგიის მიხედვით ეს არის ტვინმკვდარი პაციენტის მართვით სუნთქვაზე ყოფნის უსასრულოდ გაგრძელება, რომელიც ბოლოს მაინც აუცილებლად მოკვდება.
დასავლეთმა უნდა გაიგოს და შეიგნოს, რომ საქართველოს არ შეუძლია ამ აგონიის გაგრძელება. დასავლეთმა პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ნებას! და ეს პატივისცემა უნდა დავიმსახუროთ ჩვენ, ქართველებმა, ჩვენი პრინციპულობით.
საქართველო არ არის არავის სავაჭრო ხურდა!”- წერს ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share