აშშ: რურუას გათავისუფლება გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებაში

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში  გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

ანგარიშში ვკითხულობთ პოლიტპატიმრების შესახებაც: “არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდული იყო პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში, მოსამართლეები გონივრულ მიზეზს ვერ ასახელებდნენ დახურული მოსმენების საჭიროებაზე”. – წერს სახელმწიფოს დეპარტამენტი.

ანგარიში ასევე  მოიცავს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  შეფასებასაც  გიორგი რურუას  საქმესთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდებენ ხელისუფლებას მის გათავისუფლებისკენ, რაც იყო  გათვალისწინებული 8 მარტის შეთანხმებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„ოპოზიცია აგრძელებდა მოწოდებას ოპოზიციონერი ფიგურის, გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, და მას ახასიათებდა პოლიტპატიმრად, რომლის გათავისუფლებაც იყო დათქმული 8 მარტის შეთანხმებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“. –ვკითხულობთ ანგარიშში”.

ამასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს საქართველოს 16 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი შეშფოთებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების მზარდი რიცხვით.

პოლიტიკურ პატიმრებზე საუბრისას ასევე მოყვანილია თიბისი ბანკის 2 დამფუძნებლის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისა და ტვ პირველის მფლობელის მამის წინააღმდეგ აღძრული საქმეები და იმ პირების დაპატიმრების შემთხვევები, რომლებიც 2019 წლის ივნისში აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share