“საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება მზად არაა მედიაციისათვის და მითუმეტეს ფასილიტაციისათვის, ჩვენთან მოთხოვნილებაა ინტერვენციაზე. მსგავსი ინტერვენცია მახსოვს 2003 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვის, რომელმაც პირდაპირი როლი შეასრულა შევარდნაძის გადადგომაში. ევროკავშირი მსგავს მიდგომებს არ ცნობს, რადგან სახელმწიფოს ცნობს არა დაქვემდებარებულად, არამედ თავისუფალ, სუვერენულ სუბიექტად.
შესაბამისად, ევროპელი პარტნიორები პოლიტიკური სპეტრისგანაც ითხოვს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, თუმცა, მსგავსი მზაობა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
პოლიტიკური სპექტრის არსებითი ნაწილი დანიელსონისგან პრაქტიკულად იმასვე მოითხოვდა, რა როლიც ივანოვს ჰქონდა თავის დროზე. დანიელსონისგან, მადლობა ღმერთს, ივანოვი არ გამოვიდა. იმედი მაქვს, ფასილიტაციის და მედიაციის წარუმატებლობის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი რუსულ ინტერვენციას არ მოითხოვს. თავისუფალი სამყაროს წევრობისათვის ცალსახა უარი თქვა “ქართულმა ოცნებამ,” თუმცა არც ოპოზიციას ჰყოფნის პრაგმატული გონება, რომ ამ თამაშის ნაწილი არ იყოს.
ოპოზიცია ძალიან ბევრ რამეშია მართალი, ხელისუფლება – თითქმის არაფერში, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკის უნარი ხელისუფლებას მეტად აქვს, ვიდრე ოპოზიციას. სინამდვილეში დანიელსონის წარუმატებლობა ხელისუფლების ინტერესი უფრო იყო, ვიდრე ოპოზიციის, ცხადია, ჩემი აზრით. ამიტომ შეთანხმების ჩავარდნა, სინამდვილეში პარადოქსულად, მაგრამ სახელისუფლებოდ უფრო გამოვიდა.
წააგებს დანიელსონი – წააგებს ოპოზიცია.
მაგრამ ინტერვენციის მოთხოვნა მის და ევროკავშირის მიმართ ფუჭი მოთხოვნაა, ინტერვენცია მხოლოდ რუსეთს შეუძლია. იმედია, პოლიტიკურ სპექტრს, საბოლოო ჯამში ეყოფა გონიერება და პრაგმატულობა ამ თამაშის მონაწილე არ გახდეს”.- წერს ექსპერტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში.