თბილისის ზოოპარკში მურა დათვი ბარნი, ერთ ღამეში გათეთრდა

წლევანდელი თოვლიანობის დროს, თბილისის ზოოპარკის ბინადარმა მურა დათვმა ბარნიმ, ფენოტიპური ტრანსფორმაცია განიცადა და გათეთრდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღეს ჩვენს დათვზე, ბარნიზე, უნდა გიამბოთ.
მურა დათვის დაობლებული ბელი ბარნი რამდენიმე წლის წინ ვიშვილეთ. მოგვეჩვია-მივეჩვიეთ, შეგვიყვარდა-შევუყვარდით.
მარტის დასაწყისში, ზოოპარკში მისულ თანამშრომლებს ვოლიერში, სადაც ბარნი და მისი თვისტომები ბინადრობენ, თეთრი დათვი დახვდათ. ადვილი წარმოსადგენია მომვლელების გაოცება. საიდან უნდა მოხვედრილიყო მურა დათვებთან თეთრი დათვი?! ვეტექიმებმა სკანერით მისი ჩიპი შეამოწმეს და ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოჩნდა, რომ ეს ახალი ცხოველი ბარნი იყო. დიახ, დიახ, ჩვენმა ბარნიმ საღამოს მურა დათვად დაიძინა და დილას რატომღაც თეთრ დათვად გაიღვიძა. რას შეიძლებოდა გამოეწვია ამგვარი უჩვეულო ცვლილება დროის ესოდენ მოკლე მონაკვეთში?
ყველასათვის ცნობილია, რომ დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები მძიმედ აისახება გლობალურ ბიომრავალფეროვნებაზე. განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან ექსტრემალურ პირობებში მობინადრე არქტიკული და სუბარქტიკული ცხოველები. მრავალ სახეობას ემუქრება გადაშენების საფრთხე. ისმება ლეგიტიმური კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც სახეობებს გადაშენებისგან იხსნის? ამასთან დაკავშირებით მეცნიერებაში რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, მათ შორის „ტერფსიქორას ეფექტი“, „კალისტოს ეფექტი“, რაოდენობის, წონასწორობისა და მუდმივობის ეფექტი, ანუ „გრენდელის ეფექტი“ და ა.შ., თუმცა დამადასტურებელი ფაქტების არარსებობის გამო დღემდე საკამათოა, რომელი მათგანია სწორი. ბოლო პერიოდის მოვლენებმა ცხადყო, რომ „გრენდელის ეფექტი“ ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ამ ჰიპოთეზის განმტკიცებას ხელი შეუწყო თბილისის ზოოპარკში მომხდარმა უცნაურმა მოვლენამაც.
წლევანდელი თოვლიანობის დროს ბარნიმ ფენოტიპური ტრანსფორმაცია განიცადა და გათეთრდა. ბეწვის ფერის ცვლილების პარალელურად დრუნჩიც დაუგრძელდა და საბოლოოდ, ჩვეულებრივი მურა დათვიდან, თეთრ პოლარულ დათვად გარდაიქმნა. ამ ფენომენმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ჩვენი სპეციალისტები, ქართველი ვუზლეოლოგები, დაინტერესდნენ, რამდენად აისახებოდა ეს ფენოტიპური ცვლილება ცხოველის გენოტიპზე. აღებულ იქნა ბიოფსია და ჩატარდა გენეტიკური ანალიზი. მიტოქონდრიალური დეენემის გაშიფვრამ აჩვენა, რომ ეს ტრანსფორმაცია მსგავსი იყო 150 ათასი წლის წინანდელი ტრანსფორმაციისა, როდესაც მურა დათვს გამოეყო თეთრი დათვი, როგორც ცალკე სახეობა. ნიშანდობლივია, რომ ეს მოვლენაც კლიმატური ცვლილებების, კერძოდ, გამყინვარების პერიოდში მოხდა.
როდესაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, სავარაუდოდ ჰატერასის კუნძულზე, თეთრი დათვების პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა, კუნძულის სარკისებურ პროექციაზე, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე, კლოუბონის ნაკადების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა გარკვეული გენეტიკური მასალის რეფრაქცია. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, თეთრი დათვების რაოდენობის კლებამ გამოიწვია იმ არეალში არსებული მოდრეიფე გენების სარკისებური არეკვლა ტერიტორიაზე, რომლის კლიმატური პირობებიც იმ კონკრეტულ მომენტში ოპტიმალური აღმოჩნდა თეთრი დათვებისათვის. შესაბამისად, ჩვენი დათვის გენომში, თოვლიანობის პერიოდში, გაჩნდა M ტიპის ნუკლეოტიდები და ის თეთრ დათვად გარდაიქმნა.
ბარნის ანალიზები და ფოტო-ვიდეო მასალა გადავუგზავნეთ ვუზლეოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარეს, ბ-ნ არტურ ალექსანდრ მილნს. პირველადი შეფასებით დადასტურდა, რომ ჩვენი დათვი ნამდვილად განიცდის ტრანსფორმაციას. ეს კი გარდამტეხი, რევოლუციური გარღვევა იქნება კონსერვაციაში – თუ კლოუბონის რომელიმე ნაკადში სახეობას საფრთხე დაემუქრება, იმ ნაკადის სარკისებურ პროექციაში ბუნებრივად ამოიფრქვევა ამ სახეობის გენები და თუ ამ გენების შებოჭვა მოხერხდება, შესაძლებელი გახდება იმ სახეობის აღდგენა.
ვეცდებით, ბარნის მაგალითზე უფრო მარტივად და მოკლედ ავხსნათ ზემოთ აღწერილი მოვლენა: გადაშენების საფრთხეში მყოფი თეთრი დათვების გენების ამოფრქვევის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენი ბარნი და ამ გენების მის სხეულში ინვაზიამ ბარნის თეთრ დათვად ტრანსფორმირება გამოიწვია.
ფაქტიურად, ამ მოვლენის წყალობით, ჩვენთან, თბილისის ზოოპარკში, საფუძველი ეყრება კონსერვაციის ახალ მიმართულებას, რომელსაც უკვე სახელწოდებაც მოვუძებნეთ – „წინ წარსულისკენ“.”- დაწერა ზოოპარკის ადმინისტრაციამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share