რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციაა, და საქართველოს იმიჯს აზიანებს- გავრილოვი

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის ვიზიტის გამოც 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა თვალები დაკარგეს, პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამართული აქცია „ქართული ოპოზიციის გათვითცნობიერებული პროვოკაციაა“.

გავრილოვი Tass-თანინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს.

„შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული „გასროლაა ორივე ფეხში“, რათა შესუსტდეს ეკონომიკა“, – ამბობს სერგეი გავრილოვი.

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს.

„თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს“, – თქვა გავრილოვმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share