ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს

ევროპარლამენტმა, შესაძლოა, საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი ავრცელებს.

იოზვაკი წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წამყვან ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები მოგვიანებით იქნება.

“როგორც ჩანს, ისინი მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების შეწყვეტას საქართველოსთვის. შემდეგი ტრანში ოქტომბრისთვის 60 მილიონ ევროს შეადგენს”, – წერს იოზვაკი.

 

 

ამასთან, რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმა, ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ ურთიერთობებზე გავლენა იქონიებს.

“პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმოდგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დახმარების შეჩერებაზე რადიო თავისუფლებაც წერს წყაროზე დაყრდნობით. წყაროს ცნობით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომებრში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორ საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს. “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში”.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share