პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი, ვალერი გელბახიანი ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” თავდასხმაზე პოლიციის რეაგირებას არაკომპეტენტურს უწოდებს და ამბობს, რომ უწყება არაპროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” ისაუბრა.
“7 საათიანი მომზადების დრო ჰქონდა სპეცოპერაციისთვის უწყებას 7 საათის განმავლობაში. შეიძლება დასკვნის სახით ითქვას, რომ არაფერი გაკეთებულა, არ მომზადებულან არანაირი მიმართლებით. არ ცოდნა ჩანდა, არაპროფესიონალიზმი. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციაშიც არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი კადრებია, ვგულისხმობ ხელმძღვანელობას, რომელიც გეგმავს ასეთ ოპერაციას. ცხადდებოდა, რომ ოპერატიული შტაბი იყო შექმნილი ოპერატიული შტაბი, ეს სასაცილოა, რა უნდა ოპერატიულ შტაბს ქალაქის მერიაში? პოლიტიკოსებს და მმართველებს რა უნდათ სპეცოპერაციაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ პროფესიონალებმა, ყველა ნიუანსი უნდა გაიწეროს და პროტოკოლის მიხედვით უნდა მომხდარიყო მოქმედება” – თქვა ვალერი გელბახიანმა
ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ დამნაშავე იმაზე უკეთ იყო მომზადებული ვიდრე რიგითი ჯარისკაცი და კარგად იცოდა კვალი როგორ არ დაეტოვებინა.
“დამნაშავე იყო მომზადებული, ბევრი იცოდა უფრო, ვიდრე უნდა სცოდნოდა ჯარისკაცს, მაგალითად კვალი როგორ არ უნდა დატოვო. ამას ყველა დამნაშავე ვერ ახერხებს, წიგნებში იქნება ეს ფილმებში თუ რეალობაში ეს ესე არ ხდება, სადღაც მაინც ტოვებს კვალს, ყოველთვის უშვებს შეცდომას.ვნახე კადრები, რომ სივრცეშიც გაიხსნა,არ ეფარებოდა მძევალი, შესაბამისად თუ იქ სნაიპერი იყო შესაძლებელი იქნებოდა გახსნილ სივრცეში მისი დაჭრა. ხელყუმბარა მას გახსნილი არ ჰქონდა, შეუძლებელია 7 საათი გახსნილი ხელყუმბარა გეკავოს ადამიანს” – ამბობს ვალერი გელბახიანი
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, “მთავარი არხის” ინფორმაციით, მან ნახევარი მილიონის მაგივრად 4 მილიონი წაიღო.