საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა თბილისის აეროპორტში დღეს სპეცრეისით ჩამოვიდა. ამჟამად მისი დასაწყობება მიმდინარეობს.
სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს.
Sinopharm-ის ვაქცინა შექმნა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტმა 2020 წელს. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის ცნობით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 28 200 დოზა კი 25 მარტს შემოვიდა. აქედან აიცრა 8 000-მდე ადამიანი. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება შეუძლიათ 65 წელს ზემოთ პირებსაც, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწო.