მოძრაობა “სირცხვილია” Facebook-ზე წერს, რომ პოლიცია დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის წინ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.
“პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას”, – წერს “სირცხვილია”.
მოძრაობის წევრები, ასევე წერენ, რომ პოლიციამ სცენის დადგმის უფლება არც სხვა შენობების წინ არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ სცენა გზას არ კეტავდა.
“სცენას არ გვადგმევინებენ პარლამენტთან. ჯერ ჯოხთაბერიძის შენობის წინ გვინდოდა, გზას არ კეტავდა. არაო, პარლამენტის მხარეს გადადითო, ჯუჯღუნის მერე გადავედით და 2 წუთში აღმოჩნდა, რომ არც აქ შეიძლება. გამოდით ვისაც გცალიათ. სცენა უნდა დაიდგას”, – წერს აქტივისტი მარიამ დოლიძე.
ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე და ასევე, ბათუმსა და ქუთაისში “დაასრულე კომენდანტი”, ამ სახელით საპროტესტო აქცია/მსვლელობა გაიმართება. მოქალაქეები, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ.