რიონის ხეობაში თურქული კომპანია “ენკას” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. დირექტორმა განაცხადა, რომ ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.
მას ადგილზე “რიონის ხეობის მცველები” დახვდნენ.
“არც სამინისტროს წარმომადგენელი ხართ, არ ხართ ზოგადად ჩვენი კითხვების ადრესატი. ვინც იყო წარმომადგენელი, ვისაც უნდა გაეცა კომპეტენტური პასუხები და გადაწყვეტილების მიმღები ვინც იყო ყველამ კარგად ნახა, რომ იმ შეხვედრიდან გაიპარა, ნახე რამდენი მოწმე გვყავს. თვალში ნაცარს ნუ შეგვაყრით და ნუ იტყვით, რომ სხვანაირად იყო”, – უთხრა ვარლამ გოლეთიანმა ახალ დირექტორს.
რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ პოლიციის თანხლებით მისი მოსვლა უბრალოდ თვალსაჩინოდ დამუქრება იყო. კომპანიის ახალი დირექტორი კი ამბობს, რომ
“უკვე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, და მზაობას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ გავაფართოვოთ ჩვენი სოციალური პაკეტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ამ ხეობის მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც”, – თქვა მერაბ ლომინაძემ.
რიონის ხეობაში დისკუსია ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ “რიონის ხეობის მცველები” ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ადგილზე ღამეს კარავში ათენებენ.