„ჩემი სიმშვიდის სამეფოს ვეძახი აქაურობას“-გოგონა, რომელმაც წარმატებული კარიერა და დედაქალაქი დატოვა და სოფელში გადასახლდა

მარუსა ბურდულაძე პროფესიით პოლიტოლოგია. წლების განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე ერთ-ერთ საკონსულოში საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავა. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, აქტიური ცხოვრებისა, გული მუდამ სოფლისკენ მიუწევდა და ხშირად ფიქრობდა, თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება სოფლად. საბოლოო გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო. უარი თქვა ქალაქურ ცხოვრებაზე და კახეთში, სოფელ თოხლიაურში, ერთ პატარა და მყუდრო სახლში დასახლდა, რომელიც საკუთარი ხელით გააფერადა.

– სოფელი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. ჩემი სოფელში დაბრუნების იდეა ყოველთვის არსებობდა. ბევრს ვფიქრობდი, რას გავაკეთებდი და როგორ ვიცხოვრებდი

სოფლად. მინდოდა მქონოდა პატარა ტრადიციული სტილის სახლი, მარანი და ჩემი ღვინოები. ბავშვობიდან ვგიჟდები ძველებურ პატარა სახლებზე, ძველ არქიტექტურაზე, სოფლის სიმშვიდეზე, ტყეზე, ბუნებაზე. სულ მინდოდა ჩემი პატარა ზღაპრული გარემოს შექმნა. 6 წელია მაქვს ჩემი ტურისტული კომპანია და ამ ხნის განმავლობაში ვაცნობ ჩვენი კუთხეების ღირსშესანიშნაობებს ტურისტებს. უკვე მეორე წელია სოფელში წამოვედი. დავბრუნდი ჩვენს 20 წლის წინ მიტოვებულ სახლში და ვაქციე იმ გარემოდ, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ახლა უკვე შემიძლია ტურისტები ჩემს საკუთარ სახლში დავპატიჟო, გავაცნო ჩვენი სამზარეულო, დავაგემოვნებინო ჩემი ქინძმარაული და კახეთის ღირსშესანიშნაობებიც დავათვალიერებინო.

– ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
– ოჯახი თავიდან ძალიან არასერიოზულად მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას. დარწმუნებულები იყვნენ, რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა ჩემი სოფელში ყოფნა, ხელსაც არ მიწყობდნენ და საკმაოდ ბევრი ბარიერის გადალახვა მომიწია.

– არასოდეს გინანიათ ეს გადაწყვეტილება?
– სოფელში ცხოვრება იმაზე დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ჩემი სიმშვიდის სამეფოს ვეძახი აქაურობას. არასოდეს მინანია აქ დაბრუნება. გარდა იმისა, რომ აქ ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, ძალიან ბევრი პერსპექტივაც დავინახე სოფელში, უამრავი იდეა დამებადა, რომელიც მინდა მომავალში აქ განვახორციელო.

– დღეს რას საქმიანობთ სოფელში, მეურნეობა თუ გაქვთ?
– სახლში ამ ეტაპზე ვცხობრობთ მე და ბუბი (ჩემი ძაღლი). მაქვს პატარა ბაღჩა, რომლის გაფართოებასაც ვგეგმავ. ეზოში დავთესე უამრავი ყვავილი, მაქვს ხეხილი, ამ ეტაპზე არ მყავს ცხოველები და ფრინველები, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავ ცხენის და იხვების ყიდვას.

– ძალიან ლამაზი და ფერადი სახლი გაქვთ. სახლის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?
– ჩემი სახლი არის მთლიანად ჩემი გემოვნებით გაკეთებული. ყველა დეტალი, ფერები, ნივთები, სტილი, სიძველეები – ყველაფერი ისაა, რაც განსაკუთრებულად მიყვარს. შპალერიც კი ჩემი ხელით გავაკარი, მინებიც მე ჩავსვი. ბავშვობიდან ვაგროვებდი ძველებურ ნივთებს, მოგზაურობის დროსაც მხოლოდ მსგავს სუვენირებს ვყიდულობდი. სულ ვიცოდი, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნების ქოხს ავიშენებდი და ამ ნივთებს საპატიო ადგილს მივუჩენდი. დღეს მე აქ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ზუსტად ის გარემო შევიქმენი, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, საოცარი სიმშვიდე და ჰარმონია მაქვს და თან ულამაზეს ბუნებაში ვცხოვრობ.

– ძველი ელფერი დაჰკრავს სახლს. რატომ შეარჩიეთ ეს სტილი, ფერები, დეკორაცია და ა.შ?
– რემონტის დროს არ დამხმარებია საერთოდ არავინ. თან მანამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია. მომიწია ისეთი რაღაცეების კეთება, რაც არასოდეს მიკეთებია. „გავშპაკლე“ კედლები, დავკიდე ჭაღი, მოვთიბე ეზო, მოვჭერი ეკლიანი ბარდები. არავის არ ეჯერა, რომ მე სოფელში რამე გამომივიდოდი, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის. ჰოდა ბოლოს გამომივიდა და შედეგით ძალიან ბედნიერიც ვარ.

– ალბათ ხშირად გსტუმრობენ მეგობრები…
– სახლში მუდმივად მყავს სტუმრები, მარტო ყოფნის საშუალებას აღარ მაძლევენ მეგობრები, ისე ძალიან მოსწონთ ჩემი ქოხი.

– თქვენს რაიონში რომელი ღირსშესანიშნაობებია, რისი ნახვა შეუძლიათ თქვენს სტუმრებს?
– მე ვცხოვრობ კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ თოხლიაურში. ჩემი სოფელი არის მთლიანად ტყეში, გარშემო ულამაზესი ბუნებაა. სოფელში გვაქვს ძველი, ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე ეკლესია – კალობანი. გვერდით სოფელში არის უძველესი მანავის ციხე, აქვეა ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი. ასევე ჩემს სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ფერადი უდაბნო და გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.

– ბევრს მოგზაურობდით პანდემიამდე. რასთან ასოცირდება თქვენთვის მოგზაურობა და როგორ იქცა ის თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?
– რაც თავი მახსოვს, სულ ვმოგზაურობ, ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული სწორედ მოგზაურობაა. მოგზაურობის სიყვარულით გავაკეთე ჩემი ტურისტული კომპანიაც და ჩემი სახლიც. ჩემს სახლში შევქმენი ის გარემო, სადაც სტუმრობის და დარჩენის სურვილი ნებისმიერ მოგზაურს გაუჩნდება.

 

– გაიხსენეთ ადგილები, რომლის ნახვისას იფიქრეთ, რომ ამაზე საუცხოოს ვეღარაფერს ნახავდით…
– მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა. ისეთი ადგილების მონახულება მიზიდავს, რომელიც მანამდე არ მინახავს. ყველა ადგილს, სადაც ვყოფილვარ განსხვავრბული ემოცია და აღფრთოვანება მოჰქონდა ჩემთვის. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ყველაზე მეტი ემოცია მქონდა წლების წინ, როდესაც შვეიცარია მოვინახულე და საქართველოში დაბრუნებული პირდაპირ სვანეთის მოსანახულებლად წავედი. ემოციები, რომლებიც პირველად უშგულის მონახულებისას მქონდა, მანამდე არც ერთი ადგილის დათვალიერებისას არ მქონია, მათ შორის არც შვეიცარიის ცნობილი ალპების ნახვის შემდეგ.
მოგზაურობა ბედნიერებაა, უცხო კულტურების და ცივილიზაციების გაცნობა კი მნიშვნელოვნად განსზაღვრავს ჩვენს განვითარებას. ყველა მოგზაურობის შემდეგ, რადიკალურად ვიცვლები და მეცვლება შეხედულებები, ეს ძალიან საინტერესოა…

– შეიძლება ცოტა ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ. საქართველოს რომელ კუთხეს გამოარჩევდით და რატომ?
– არ მიყვარს საქართველოს კუთხეების შედარება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე შეუდარებელია. ფეხით მაქვს მოვლილი ყველა ღირსშესანიშნაობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ლამაზი ქვეყანა გვაქვს. კახეთი არის ჩემი სახლი, ადგილი, საიდანაც ჩემთვის ჩემი სამშობლო იწყება და მერე უკვე ყველა კუთხეს გამოვარჩევ და ვთვლი, რომ ყველა მათგანი განსაკუთრებულია.

– სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…
– სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს. უპირველესია ჩემი საკუთარი მარნის მოწყობა და ჩემთან სახლში საკუთარი ღვინოების დაყენება. მინდა ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიყვანო საქართველოში. მსურს ჩემი სახლი უფრო ზღაპრული გავხადო, ბევრი ხე მინდა დავრგო და უფრო მეტი ვიმოგზაურო.

 

https://www.shin.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    ნათხოვარი ფეხსაცმელებით მიღებული პირველი სერიოზული სამსახური- ნუგზარ სულაშვილი კარიერის დასაწყისზე"– სამსახურიდან გამათავისუფლეს (ნუ გიხარიათ 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ UშAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე… ვიფიქრე, ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-მეთქი… ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს, რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწრაფოდ უნდა გამოვცხადებულიყავი…
    Tags: და, ჩემი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    კალანდა გურიაში - ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მოგონებებიდანროგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში  ახალი წლის დასაწყისად  სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    რა გველის 10 ივნისს მზის დაბნელების შემდეგ10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები