კობახიძე ოპოზიციაზე- მათი მიზანია ქვეყანა დააშორონ ევროპულ გზას, ამას ვერ ეღირსებიან

(რეზონანსი) არავითარი საფუძველი არ აქვს იმას, რომ ეს ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. „იყო არაერთი ევროპარლამენტარის და ამერიკელი მეგობრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება – ხელოვნური კრიზისი – მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. ამ ხელოვნური კრიზისის შემოქმედი არის ეს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსული საქმის კეთებაში შეიმჩნეოდა და ამას აგრძელებენ დღესაც. მათთვის ქვეყნისთვის ზიანის მიყენება გვერდითი მოვლენა კი არა, მათი პირდაპირი მიზანია. როგორც ჩანს, მათ აქვთ დავალება, რაღაცნაირად სცადონ ქვეყნის დაშორება ევროპული სტრუქტურებისგან. ამას ვერ ეღირსებიან და ვერ მიაღწევენ, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ არის მართალი და მას აქვს ურყევი მიზანი, რომ წასწიოს ქვეყანა წინ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, რადიკალური ოპოზიციის ასეთ ძალისხმევას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი. მაგრამ გრძელვადიანი შედეგი ამას ვერ ექნება. ჩვენ წავიწევთ წინ და 2024 წელს გვაქვს ამბიციური მიზანი, წარვადგინოთ ჩვენი ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share