ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა- სუბარი ოპოზიციაზე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით­ რომ მოგვმართავენ, როგორც კი შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო, – ასე პასუხობს საპარლამენტი უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარიოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ შესაძლოა, მათ პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.

სუბარი ოპონენტებს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, მართლაც სურთ თუ არა მანდატების შეწყვეტა.

„ჯერ ჩამოყალიბდენ, მართლა უნდათ თუ არა, რომ მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა. თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს – წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს,“ – განაცხადა სუბარმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იქნება მანდატების არშეწყვეტა კანონთან წინააღმდეგობაში.

„თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა, რომ ადამიანს, რომელიც მოითხოვს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო,“ – განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share