ცერცვაძე: დღეს პანდემიასთან მიმართებაში ცეცხლთან თამაში არ შეიძლება

დღეს საქართველო პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, – ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

მისივე თქმით, თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას – უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს.

„დღეს მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე ან მოახლოებაზე. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე ლოქდაუნი. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და სხვ., რომლებიც მეტი გადამდებლობით ხასიათდება) გამოწვეული შემთხვევების ზრდა.

საქართველომ 2021 წლის 15 მარტამდე ვაქცინის არქონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები შეზღუდვების მიუხედავად, პანდემიის სწორი მენეჯმენტით მიაღწია იმას, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა შეზღუდვების რაოდენობა.

სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადის ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით – არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე. ასეთი დამოკიდებულება შეიცავს კორონავირუსის შემთხვევების და ამით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მით უმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია.

დღეს საქართველო პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას – უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ოპტიმალურ მართვას. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – წერს ცერცვაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share