არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, დაათვალიერეს ახლადრეაბილიტირებული ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. „გურიისთვის ფოლკლორი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ წლების განმავლობაში ავაშენეთ ფოლკლორის თანამდროვე ცენტრი, სადაც ახალ თაობას ყოველდღიურად გადაეცემა მრავალხმიანი მუსიკა და ეს მემკვიდრეობა. უკვე პრაქტიკულად სრულდება თანამედროვე მუზეუმი, რომლის საშუალებითაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა განახლებული სახით წარსდგება მნახველების წინაშე და რაც მთავარია, ახალი თაობა იდეალურად შეძლებს წარსულისა და მომავლის დაკავშირებას. ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული, გვაქვს არაერთი საინტერესო პროექტი დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის განვითარებისთვის, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად ამ კუთხით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მიხარია, რომ ფოლკლორის ცენტრისა და ისტორიული მუზეუმის სახით, ჩვენი გუნდის ხელშეწყობით ოზურგეთში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ამ ორი ობიექტით მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული პოტენციალი და ვიზიტორებისთვის მიმზიდველი იქნება. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თანამშრომლებს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათთვის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“ – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share