ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგორეთში (მერიის თემი) მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში რამდენიმე ხნის წინ ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცაწყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, პრობლემა კი ისევ გადაუჭრელი დარჩა: “ახლა ზაფხული ახლოვდება და კიდევ უფრო მეტად გართულდება ჩვენი მდგომარეობა. არ შეიძლება ადამიანებს სასმელი წყლის მიწოდებაზე ამდენი თხოვნა სჭირდებოდეს. არ შეიძლება ადამიანებს ყველაფრის პრობლემა გვქონდეს”-აღნიშნა “გურიის მოამბესთან” ერთ-ერთმა ადგილობრივმა. დღეს ადგილზე მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, რომლის თქმით, სოფელში, განმეორებით ჭაბურღილის მშენებლობა დაიწყება, რადგან 1-ლი სამუშაოების შედეგად, სასმელად უვარგისი წყალი იქნა მიღებული. მისი განმარტებით, სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება.