საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ, რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება

ისრაელის სახელმწიფოსა და  საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი  პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზეგაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

“ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის, ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით.

“დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share