12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე, რომელიც ასევე 12 აპრილიდან ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5 300 შეკელი (2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტი).
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1 000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- საშუალო განათლება;
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
ზოგადი მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე;
- ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
- სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ;
- ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
- ნასამართლეობის არმქონე;
- ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
- არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
- არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
- კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიკეთებს COVID-19-ის ტესტს საქართველოში;
- კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (ვაქცინაციის 2 დოზა 3 კვირის შუალედით).