ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს

ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით, 14 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა ტელეკომპანიაში.

თებერვალში თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს. როგორც ის ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share