კორონავირუსის პიკი საქართველოში ნოემბრის მეორე-მესამე კვირაშია მოსალოდნელი, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე ამბობს, რომ შემთხვევათა რაოდენობაც მოიმატებს.
“პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე მესამე კვირას, შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური მატების ტენდენცია გაგრძელდება.” თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ, მოქალაქეებს მოუწოდა იცოდნენ ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და კორონავირუსის სიმპტომების, ყელის ტკივილის, სიცხის, ხველის, სუნთქვის გაძნელების, სურდოს, შემთხვევაში ინსტრუქციების მისაღებად, ბინაზე იმკურნალონ თუ საავადმყოფოში, ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.
“მოსახლეობამ, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში” – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ პირბადეების ტარება სავალდებულო გახდეს გარეთაც.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14.