“იპოლიტე წუწუნებდა, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდებაო”

“ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი – ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი; ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი; ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების მე-13 სახლში გადმოვედი; რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე, სახალხო არტისტის წოდება კი 13 ივლისს, 1960 წელს…”

იპოლიტე ხვიჩია

1910 წლის 31 დეკემბერი… ხონის რაიონის პატარა სოფელ კონტუათში ალექსანდრეს და პისტი ყვინჩიებს მეექვსე შვილი შეეძინათ, რომელსაც იპოლიტე დაარქვეს… 14 წლის იპოლიტემ თბილისში, 

სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად, შემდეგ – აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზე. სოხუმშიც მუშაობდა – მეთულუხჩედ და პურის მცხობლადაც კი.

იპოლიტეს ძმამ, საშამ, ხონის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოაყალიბა და ძმაც მიიწვია. ხონის თეატრში იპოლიტემ დასამახსოვრებელი სახეები

შექმნა: ბახვა ფულავა (“სამი სიცოცხლე”), კინტო ვანუა (“ქრისტინე”), ბორისი (“ჟანგი”), ყვარყვარე (“ყვარყვარე თუთაბერი”) ალმასხანი (“ნაგანი”), ნეოფიტე (“ნეოფიტე მთქნარია”) და სხვა.

1936 წელს იპოლიტემ მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში დაიწყო მუშაობა გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად. იმ დროს ქუთაისის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მისულმა დოდო ანთაძემ იპოლიტეც მიიწვია. სცენაზე მის ყოველ გამოჩენას ჯერ – ღიმილი, შემდეგ კი თავშეუკავებელი ხარხარი მოსდევდა. იპოლიტესთვის დამახასიათებელი განუმეორებელი იმპროვიზაციის უნარი ხშირად კურიოზად ქცეულა სცენაზე თუ სცენის მიღმა.

1961 წელს კინოსტუდია “ქართული ფილმის” მიწვევით სამუშაოდ რუსთაველის თეატრსა და “ქართულ ფილმში” გადავიდა და ოჯახით დედაქალაქში დაფუძნდა.

რუსთაველის თეატრში ორიოდე საინტერესო ნამუშევარი შემატა თავის სცენურ სახეთა გალერეას: ტრიფონი (“მეტეხის ჩრდილი”) და სპირიდონი (“უკანასკნელი მასკარადი”), მერე კი კინოსა და ტელევიზიაში განაგრძო საქმიანობა.

იპოლიტე ხვიჩიამ კინოში ათეულობით როლი ითამაშა: ალმასხანი (“საბუდარელი ჭაბუკი”), იპოლიტე ნემსაძე (“მანანა”), კუჭკუჭი (“ბურთი და მოედანი”), ქორიძე (“თხუნელა”), მელიტონი (“თოჯინები იცინიან”), სანდრო (“არ იდარდო!”), ბონდო დოლაბერიძე (“ფეოლა”), იპოლიტე (“მხიარული რომანი”), ვარლამი (“პირველი მერცხალი”), კაჟა ბულავა (“დათა თუთაშხია”) და სხვა.

ბატონი ჯემალ ღაღანიძე იპოლიტე ხვიჩიას შესახებ იხსენებს: “იპოლიტე ხვიჩია ხშირად წუწუნებდა, ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ იქ მისვლასო.
ერთხელაც, “ფეოლას” გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო… წავედით… შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. არ შევიმჩნიეთ და სამგლოვიარო სახეებით ავუყევით კიბეს.

შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი, იყვირა ჭირისუფალმა: “დედა, ეს ვინ მოვიდა! იპოლიტე, შენ შემოგევლე!.. სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, “ბურთი და მოედანში” “ტრუსიკით” რომ დარბის?..” ატყდა ხორხოცი… მერე ვშაყირობდით: “ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი, გავხედეთ და, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდი!” ამის შემდეგ იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე აღარ ყოფილა.

ჯანმრთელობაშერყეული იპოლიტე სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, სამაგიეროდ, ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და, რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს… ნარდის დიდი მოყვარული გახლდათ ჟურნალისტი და პოეტი კირა კვეიძე, რომელთანაც იპოლიტე სულ ჩხუბობდა… ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შედეგად შეიქმნა ასეთი ხელწერილი:

“მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).
2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო, კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.
3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.
4. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).
5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.
6. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი.

…ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.
რაზედაც ხელს ვაწერ, იპ. ხვიჩია

P.S. ხელწერილზე კი ვაწერ ხელს, მაგრამ თუ ავდექი… თქვენი იპო”.

სიკვდილის პირას მყოფმა შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას, გამოსამშვიდობებლად უთხრა: “იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია – სიყვარულიც არის და სიყვარულიც… ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის. ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო…”

დიდი მსახიობი 1985 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

”კვირის პალიტრა”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    "როცა შეზღუდვები ინტელექტს დასცინის..."გონიერ ადამიანებში ამბოხის დაუძლეველი სურვილი განსაკუთრებით მაშინ იღვიძებს, როდესაც ბრძანების შესრულება მის ინტელექტუალურ შეურაცხყოფას იწვევს. გამონაკლისი არც კოვიდ-პანდემიის პერიოდი ყოფილა. მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური კასტის მიერ შემოღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელმა და სულელურმა შეზღუდვებმა არაერთი პასიური თუ აქტიური პროტესტი გამოიწვია. ეს შეზღუდვები მრავალი მიზეზით იყო გაპირობებული; ძირითადათ გაურკვევლობითა და ვირუსის ბუნების არასრულყოფილი…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    რა გველის 10 ივნისს მზის დაბნელების შემდეგ10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    "გაზარდეთ გმირები და არა მონები! ბავშვი ვითარდება სირთულეების გადალახვის პროცესში!"შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    გაყიდოს საპატრიარქომ ხატებზე აჩორჩხლილი ოქრო-ვერცხლი და ღარიბები დააპუროს- დეკანოზიდეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.   ილია ჭიღლაძე სამების სახურავის გაყიდვას და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგებას ითხოვს.   “საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები