დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილას შეკრების უფლება

სახალხო დამცველი ნამახვანში დღეს მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ სოფელში ახლაც იმყოფება ომბუდსმენის წარმომადგენელი და სიტუაციას ადგილზე სწავლობს. ნინო ლომჯარიას უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, აქციის მონაწილეებს დაუყოვნებლივ მისცენ პროტესტის გაგრძელების უფლება მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას.

“დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს. საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ”, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში დაძაბული იყო სიტუაცია რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებდა. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share