„საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შერჩევისა და გასაუბრების პროცესი და უკვე გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც გაგზავნილია; ნაწილზე შესაბამისი სამუშაო ნებართვებიც მიღებულია და პირველი ნაკადი გერმანიაში სამუშაოდ ხვალ გაემგზავრება,“ – ამის შესახებ დღეს, 13 აპრილს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასამგზავრებლად მზად არის პირველი ნაკადი, რომელიც სულ 20 ადამიანისგან შედგება.
“საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს. ბუნებრივია, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო. პარალელურად, სხვა ვაკანსიებთან მიმართებით, ეს პროცესი გაგრძელდება და უწყვეტ რეჟიმში წავლენ ჩვენი მოქალაქეები. კი ჟღერს ეს რიცხვი – 98 000 საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ რეალურად, დასაქმების მსურველი ბევრად ნაკლებია. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ გასაუბრებების ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა.
შეგახსენებთ: გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან.
ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული.