საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად, შესაძლოა, საფრანგეთშიც დასაქმდნენ

გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. ასევე სუბარია, რომ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად საფრანგეთშიც დასაქმდებიან – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე, ასევე ლეგალურად, შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. თუმცა, აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია.

 

საფრანგეთის შემთხვევაში, საუბარია კვალიფიციურ სპეციალისტებზე.

 

50 პროფესიაა განსაზღვრული, რომელთაც შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, სხვადასხვა როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, – განაცხადა ბუნტურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: