თურნავა: საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში “პოსტკოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“, სადაც თქვა, რომ საქართველო კვლავ ხდება მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის.

“პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს- და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში” . – ამბობს ნათია თურნავა

კონფერენციაში ასევე მოხსენება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საბირ ლალმა, აგრეთვე უზბეკეთის ფინანსთა მინისტრმა ტიმურ იშმეტოვმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიტერ ბურიანმა.


2020-ში საქართველოში უცხოური ინვესტიციები რეკორდულად შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share