რუთაველის თეატრის წინ, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სოლიდარობის აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე რუსთაველის თეატრის მსახიობები მივიდნენ, რომლებიც რობერტ სტურუას იცავდნენ და ამბობდნენ, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები არ გაუკეთებია.
მათივე თქმით, საქმეზე ჯერ შესაბამისი სამართლებრივი განაჩენი უნდა დადგეს და შემდეგ მიმართავს თეატრი შესაბამის ზომებს.
“აი ჩემი მეუღლე, მეც მეუღლესთან ერთად ვარ, მეც ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ვიქნები ყოველთვის. მაგრამ, პირველ დღესვე, როდესაც ეს განცხადება გააკეთა ბატონმა რობერტმა, თქვა, რომ ჯერ არ არის დამნაშავე ნაპოვნი და ჩვენ ვითხოვთ დამნაშავის დასჯას… რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა იურიდიულად ეს გააკეთა, სხვა არაფერი შეუძლია ჯერჯერობით. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი [ბესო ზანგური] დამნაშავედ გამოცხადდება, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, 2X2=4”, – ამბობს მსახიობი გოგა ბარბაქაძე.
ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საჯაროდ ამხილა, რუსთაველის თეატრის მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ზანგური პოლიციას არ გამოუკითხავს.