“ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. დოკუმენტი,”- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება. აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. დოკუმენტი, სადაც პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის, აბა ის რა დოკუმენტია, ეს არის შერჩევითი სამართალი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
პრეზიდენტის მოლაპარაკების პროცესში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას სიტუაციის განსამუხტად მხოლოდ შეწყალების აქტის გამოყენება შეუძლია.
„პრეზიდენტი თუ ჩაერთვება, ეს იქნება მხოლოდ ის, რომ მან გამოიყენოს შეწყალება, მოძებნოს ფორმა, რომ ეს სიტუაცია განმუხტოს. თუ ამ ბერკეტს არ გამოიყენებს, მაშინ რისთვის ერთვება?! ეს არის ერთადერთი, რაც მას შეუძლია, რომ გამოიყენოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.