“ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშილმა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილი ამბობს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მმართველმა პარტიამ ისედაც გადაწყვიტა და 3%-ის მიმატება “კეთილი ნების ბოროტად გამოყენებაა”. “ჩვენი ინიციატივიდან ახლა წარმოჩინება, რომ რაღაცნაირად კიდევ 1, 2 და 3 პროცენტის მიმატება, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი კეთილი ნების გამოხატულების ბოროტად გამოყენება. ვფიქრობ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც პრინციპში შეთანხმებული იყო სხვადასხვა მხარეების დიდი ხნის მუშაობის შედეგად და რომელიც დატოვა ბატონმა დანიელსონმა თავისი მედიაციის პირობებში, ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ამ დოკუმენტის გარეშე ჩვენ თვითონ ვთქვით 40%-იან ერთგვარ ჩამკეტზე, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად რეალური, კომპრომისული ნაბიჯი და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ერთგული დავრჩებით. არაფერი საკონსულტაციო ვფიქრობ აქ აღარ არის, რადგან ყველაფერი ჩვენი მხრიდან ცალსახად და პლუს კიდევ უფრო მეტად იქნება შემოტანილი – 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია”, – თქვა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ალბათ ძველ პოზიციაზე დარჩება და ხვალ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია თუ გირაოს გადაიხდის გამოვა “რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამინისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო”, – ამბობს ის.